მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის სტრატეგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა აზერბაიჯანთან, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთან და ირანთან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.
ფაშინიანის თქმით, დეკლარაციის ძირითადი იდეოლოგიური დებულებები წინააღმდეგობრივი იყო და გამოხატავდა კოლექტიური პატრიოტიზმის იმ მოდელს, რომელსაც სომხეთში თანდათან, თანმიმდევრულად ნერგავდა საბჭოთა კავშირი „რკინის ფარდისა“ და „ცივი ომის“ პირობებში. ფაშინიანის განცხადებით, ამ იდეოლოგიის დანერგვის სიღრმისეული და ქვეცნობიერი მიზანი იყო, რომ შეუძლებელი ყოფილიყო სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, ვინაიდან ქვეყანა, რომელიც კონფლიქტის მდგომარეობაშია, ვერ ააშენებს ნამდვილ დამოუკიდებლობას.
„პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და რეალობის სრულმა და ყოვლისმომცველმა ანალიზმა მიმიყვანა ურყევ რწმენამდე: ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ „ყარაბაღის მოძრაობა“, რადგან ეს ნიშნავს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გაუქმებას. დღეს ასევე მინდა ვუპასუხო კითხვას, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო 7 წლის ისტორიის გასაგებად. რატომ არ წავედით დათმობებზე სომხეთის რესპუბლიკა, ჩვენ, მთავრობა და მე, პირადად 2020 წლის სექტემბრამდე, როდესაც 44-დღიანი ომის თავიდან აცილების ერთადერთი თეორიული შესაძლებლობა არსებობდა? ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ამ დათმობების შედეგად ჩვენი ყველა საფრთხე და დამოკიდებულება არაპროპორციულად გაიზრდებოდა, რაც გამოიწვევდა სომხეთის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. ჩვენ მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ამ დამოუკიდებლობის რეალობად ქცევის სტრატეგია და ამ სტრატეგიის გამოხატულებაა ნამდვილი სომხეთის იდეოლოგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რეალური დიალოგი თურქეთთან, ჩვენი ურთიერთობების საქართველოსთან და ირანთან გაღრმავება და რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვხდებით რეალური და საინტერესო პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის“, – წერს ფაშინიანი.