კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე, ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა - პრემიერი

24 აგვისტო 2025, 12:35 144 ნახვა

მინდა მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე, 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმის განვითარება არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე. სწორედ 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე და კონსტიტუციონალიზმის განვითარებაც არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე. ეს შეიძლება ითქვას საქართველოს მაგალითზე. ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა გასული 30 წლის განმავლობაში, როგორი გზაც განვლო საქართველოს კონსტიტუციამ, ქვეყნის ძირითადმა კანონმა. ეს გზა იყო მრავალი რთულით სავსე. პირველი 20 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა 30-ზე მეტი ცვლილება. ამ ცვლილებების უმეტესი ნაწილი მორგებული იყო მაშინდელი მმართველი ძალების სუბიექტურ ინტერესებზე. ამან რა თქმა უნდა, საკუთარი კვალი დაატყო ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას. კონსტიტუციის არასტაბილურობა და კონსტიტუციისადმი უდიერი დამოკიდებულება პირდაპირ აისახა ჩვენი სახელმწიფოს არასტაბილურ განვითარებაზე. როდესაც ჩვენ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე, კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის თაობაზე, მიზნად დავისახეთ სწორედ კონსტიტუციის დემოკრატიული წესით და ფორმით ჩამოყალიბება, მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა და განმტკიცება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია.

„როდესაც ისტორიას ვიხსენებთ, განსაკუთრებული გულისტკივილით უნდა გავიხსენოთ 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია. სწორედ ამან შეუქმნა ნიადაგი 2004-2012 წლებში ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ დავდექით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, შეგვექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. მე კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და შემდგომ საქართველოს პარლამენტმა ამ მიზანს სრულად მიაღწიეს - დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული სტანდარტების, სტაბილური კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი