შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შპს „ენგურჰესი“-ს ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა - 1981 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა "მეთადონის" შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - წერია ინფორმაციაში.