საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებენ

28 აგვისტო 2025, 10:13 102 ნახვა

25-26 სექტემბერს საბერძნეთის ქალაქ კატრინი 17-წლამდელთა შორის ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ბათუმის ქვიშის მოედანზე ჩატარდა ტურნირი, რომლის მიზანი ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების შერჩევა იყო.

60 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება გიორგი კურტანიძემ მოიპოვა, 70-ში გამარჯვებული ბიძინა ჯინჭარაძე გახდა, ზურაბ გველესიანმა გაიმარჯვა 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 90 კილოგრამში კი ჩემპიონის ტიტული ნურადინ მუსტაფაევმა მოიპოვა. სწორედ ეს ფალავნები წარადგენენ საქართველოს პლანეტის პირველობაზე.

აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი სალიცენზიო ტურნირიცაა, სადაც 2026 წელს, სენეგალში გასამართი ბავშვთა ოლიმპიური თამაშების საგზურებიც გათამაშდება.

გარდა ამისა, საბერძნეთშივე გაიმართება 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი და დიდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის სერიის მეოთხე ეტაპი, რომელშიც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს, მანამდე კი დიდების გუნდი მაროკოში, მსოფლიო სერიის მესამე ეტაპს იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში