წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა, საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით - კახა კალაძე

01 სექტემბერი 2025, 21:14 101 ნახვა

წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში პროპორციული სიის წარდგენისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც მას თბილისის მერის თანამდებობა აკისრებს.

„თბილისი ხომ მხოლოდ ქალაქი არ არის. იგი საქართველოს ისტორიის, მისი კულტურისა და იდენტობის სახეა – ჩვენი ერის ერთიანობის, გამარჯვებებისა და წინსვლის სიმბოლო. ამდენად, იყო პასუხისმგებელი თბილისის აწმყოსა და მომავალზე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ჩემს გუნდთან ერთად, კარგად ვაცნობიერებ. ამასთან, თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ისევე, როგორც ნებისმიერ ქალაქს, სჭირდება განახლება, განვითარება, მეტი რეკრეაციული სივრცე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო, უძველესი ისტორიის შენარჩუნება, კიდევ უფრო ბევრი სიახლე და თანამედროვე ქალაქად გარდაქმნა. ყველა რეფორმა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში წამოვიწყეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბოლო რვა წლის განმავლობაში, საკუთარი მერობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.

„შედეგი სახეზეა: გაპარტახებული სკვერები და პარკები იქცა ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეებად, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია გართობა და დასვენება. განახლდა და მოდერნიზდა თბილისის უძველესი ქუჩები და გამზირები. დავიწყებას მიეცა ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაცოცხლდა ისტორიული უბნები. რეალობად იქცა ასობით თბილისელის ოცნება – მიეღო ქონება, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მის მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დაკარგულად მიაჩნდათ. დაწყებულია მშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემების მოგვარება. დღეის მდგომარეობით, დავეხმარეთ 12 ათასამდე ოჯახს და მივეცით შესაძლებლობა, მიიღონ საკუთარი ფართები, რომლებიც ათეულობით წლების წინ შეიძინეს. მიმდინარეობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უძველესი ქალაქის განახლებისთვის. ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ ბევრად უკეთესი შესაძლებლობა, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაკავდნენ სპორტით, გაერთონ და ივარჯიშონ თანამედროვე სპორტულ მოედნებზე და სკეიტპარკებში. საპენსიო ასაკის თბილისელებს შეუძლიათ, ისარგებლონ უფასო სპორტული თუ შემოქმედებითი პროგრამებით. აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, კულტურის, სპორტის, განათლების, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით არსებულ სერვისებზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით. გვინდა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის, უფრო გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი, რათა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი იყოს საცხოვრებლად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელებაში დედაქალაქის საკრებულოს როლიც მნიშვნელოვანია.

„თბილისმა დაიბრუნა ის ხიბლი, რაც მას გამოარჩევს – სიცოცხლისუნარიანობა, სილაღე და სიხალისე. ეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმის, ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული რეფორმების, პროექტებისა და პროგრამების დამსახურებაა. ამაში, რასაკვირველია, დიდია თბილისის საკრებულოს როლი, რომელიც არის ქალაქის განვითარებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო. საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობითადა თბილისელების წინაშე აღებული დიდი პასუხისმგებლობით, შემუშავდა და მიღებულ იქნა ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში