საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური - თეა წულუკიანი

02 სექტემბერი 2025, 15:08 109 ნახვა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარადგინა.

თეა წულუკიანმა დასკვნაში არსებულ შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ამ შეფასების და გაანალიზების შედეგად, დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური.

„ეს ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშიც არის ნათქვამი. დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი – მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება. ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა. თითოეული მონაწილის, თითოეული ორგანიზატორის გვარი, სახელი არის აღწერილი ჩვენს დასკვნაში.

 

სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პატიმრობის პირობები, საყოფაცხოვრებო პირობები, ადეკვატური კვებისა და სამედიცინო დახმარების არარსებობა, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფა, დაცვის უფლების ხელყოფა, გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვა, ძალადობის ფაქტების გახმაურების აკრძალვა და მრავალი სხვა, ცალკე აღებული, უტოლდებოდა წამებასა ან არაადამიანურ მოპყრობას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, ასევე, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი.

„დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა – იგულისხმება შსს-ს სისტემასა და სასჯელაღსრულების სისტემაში მოპყრობა, რომელიც გამოიყენებოდა ცალკე ან საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან კომბინაციაში, ისახავდა სხვადასხვა მიზანს, მათ შორის, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას, ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, შურისძიებას და სხვ. მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება, რასაც მოწმობს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ჯანმრთელი და გადამდები დაავადების მქონე პატიმრები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულნი.

ერთად განთავსების ეს დამკვიდრებული  პრაქტიკა იყო ზოგჯერ მიზანმიმართულადაც – ჯანმრთელი პატიმრის დათრგუნვის ან მასზე შურისძიების მიზნით განხორციელებული; მეორე მხრივ, C ჰეპატიტის მკურნალობის ხელოვნურად შეფერხება, მეტიც, ამ დაავადების სკრინინგის აკრძალვა, რათა საზოგადოებისათვის დაფარული ყოფილიყო ციხეებში ამ დაავადების ფართო გავრცელება, იქცა პრაქტიკად. პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო თავად ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში;

საგამოძიებო კომისიამ იმ მრავალი საქმის განხილვის შედეგად, რომელიც თქვენ წინაშე წარმოდგენილ დასკვნაშია მოცემული, ასევე დაადგინა, რომ დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის განხორციელებისას.  ამიტომაც, ძალადობა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამას მოწმობს ისიც, რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც წინამდებარე დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. მოცემულ პირთა გვარ-სახელები და მათთვის გადაცემული ჯილდოების ნუსხები მოცემულია თქვენ წინაშე წარმოდგენილ დასკვნაში და საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ უნდა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი. სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს, მათ შორის ევროპულ კონვენციას; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე;

ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის 2012 წლის 19 ივნისის საპარლამენტო გამოსვლის სულისკვეთება და შინაარსი ცალსახა დასტურია იმისა – ეს გამოსვლა, ხაზს ვუსვამ, თარიღდება 2012 წლის 19 ივნისით – ცალსახა დასტურია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც, არჩევნების წინ ურყევი იყო და „ნაციონალურ მოძრაობას“ მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სასჯელაღსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა და გაჰუმანურების არავითარი ნება და სურვილი არც მომავალში არ გააჩნდა.

ნიშანდობლივია, რომ პატიმრებს, რომლებსაც მოუწიათ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მრავალი წლის მერეც პრაქტიკულად უცვლელი დარჩათ მათთვის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის დროს მიყენებული მორალური ზიანის და ტკივილის კვალი.

2004-2009 წლებში, სახალხო დამცველის აპარატი იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სწრაფად რეაგირებდა საჩივრებზე, გამოავლენდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო რეაგირებას. საგამოძიებო კომისიის მიერ არ ჩატარებულა თითქმის არცერთი სხდომა, რომელზეც  ნათლად არ დადასტურებულა, რომ, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, მსხვერპლებს მხოლოდ ამ ინსტიტუტის იმედი ჰქონდათ, რაც, 2010-2012 წლებში, ბატონი გიორგი ტუღუშის საქმიანობისას მნიშვნელოვნად შესუსტდა. ამის მაგალითებიც მოცემულია დასკვნაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 
 
 
სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში