ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს

03 სექტემბერი 2025, 11:06 166 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული გ.ო. დააკავეს.

შსს-შ ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტის, მათ შორის  შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა.  

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა,  გ.ო.-სგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულის სამუშაო ოფისის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები და სპეციალური ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც იგი ყალბი დოკუმენტების დამზადებას ახდენდა. ასევე ამოღებულია, ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის დამზადებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში