ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად - პრემიერი

05 სექტემბერი 2025, 14:42 113 ნახვა

ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა პრემიერი ბავშვთა ფსიქოლოგის, ელენე ბერიკაშვილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ ფრაზებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მითუმეტეს, როგორც ფსიქოლოგს.

„ტრაგიკულია ის, რომ ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მითუმეტეს, როგორც ფსიქოლოგს. მართლა უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები ალბათ ამ ყველაფრით. ზოგადად, ასეთი ფრაზები და ქმედებები აჩვენებს მთლიანად იმ ადამიანების სახეს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები არიან. არც მინდა, შეფასებები გავაკეთო, იმდენად მძიმე შეფასებას იმსახურებენ ისინი. ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ტრაგიკული მდგომარეობა. ისინი არიან „ნაცი ტიტუშკები“, „ნაცი“ აქტივისტები, „ნაცი ორკები“, სხვა სახელის დარქმევა შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოყვანის კუთხით. ისინიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, იმედი გვაქვს, რომ ისინი დაძლევენ ამ უმძიმეს მდგომარეობას და დაიბრუნებენ ადამიანურ სახეს,“- განაცხადა პრემიერმა.

სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს ეხებოდა მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, სულისკვეთებაზე, დამოკიდებულებაზე და ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები.

„თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს, როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის საუბარი სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი გამუდმებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მერე რა, რომ არ გამოსდით, მაინც, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, მათ სულისკვეთებასა და დამოკიდებულებაზე. ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას. როგორც ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას, მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამის საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი