სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლიან.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია, თუმცა, ბოლო საათებში, მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს“, – აცხადებენ უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოში „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ფიგურირებდეს.
სუს-მა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში აღმოაჩინეს წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.
დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.