40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო და აცხადებს, რომ რუსეთის ეს ქმედება წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ ასევე არის ესკალაცია, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან აახლოებს.
შესაბამისი განცხადება პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა.
განცხადება შეიცავს მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიის ომი.
როგორც პოლონეთის სახელმწიფო მიდივანმა აღნიშნა, მან ეს განცხადება წაიკითხა 46 ქვეყნის მთავრობების და ევროკავშირის დელეგაციის სახელით, მათ შორის პოლონეთის, საქართველოს, აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის, იაპონიის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, რომელთა შორის დაასახელა უნგრეთი და სლოვაკეთიც.
„ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების კიდევ ერთ უხეშ დარღვევას. რუსეთის ფედერაციის მიერ 9 სექტემბრის ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების ტიპის ობიექტების 19 შეჭრა განხორციელდა. დრონები, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ინფრასტრუქტურასა და ავიაციის უსაფრთხოებას, პრევენციულად იქნა ნეიტრალიზებული.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან პირველად, პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობა და, ამავდროულად, ნატო-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ და მასობრივი მასშტაბით დაირღვა. ამ აღმაშფოთებელ ინციდენტს წინ უძღოდა წარსულში რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის სხვადასხვა დარღვევა. შესაბამისად, პოლონეთმა, პირველად თავის ისტორიაში, გადაწყვიტა, მოეთხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, პრევენციული დიპლომატიის სულისკვეთებით. სხდომის მოთხოვნა მოხდა, რადგან რუსეთის უგუნური ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან ბოლო წლებში ყველაზე მეტად აახლოებს. ასეთი პროვოკაცია ღრმა უპატივცემულობაა საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიური და დაუღალავი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას და მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
მადლობას ვუხდით უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, კორეის რესპუბლიკას ამ შეხვედრის მოწვევისთვის. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომი, თავი შეიკავოს შემდგომი პროვოკაციებისგან და შეასრულოს გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ესკალაცია ვერ და არ გახსნის გზას მშვიდობისკენ. მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვას შეუძლია, შექმნას სამართლიანობისა და მდგრადი მშვიდობის პირობები უკრაინაში, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ წაიკითხა.