ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები, შეიძლება, ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში - კახა კალაძე

13 სექტემბერი 2025, 14:06 58 ნახვა

ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 აკაცუკი, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავს მოხვეული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ჯგუფებს ქვეყნის გარედან აფინანსებენ და აძლევენ დავალებებს, რათა საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება წაახალისონ.

„ქართველი კაცი, თავისი შინაარსით, მსოფლმხედველობით, კულტურით, ტრადიციებით, არასდროს იკადრებს, რომ მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან ეს უსამშობლო აგენტები. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ადრე, როცა ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, საპასუხოდ ვიღებდით ქილიკს, დაცინვას. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, ხელის გულზე დაგვიდო ფაქტები და განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართულნი იყვნენ, რათა სხვადასხვა ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოში, გარკვეული პროცესებისთვის შეეწყოთ ხელი. ეს თანხები ვითომ ენჯეოსექტორის გავლით შემოდიოდა ქვეყანაში, ხმარდებოდა პოლიტიკურ პროცესებს, ამ ტიპის აკაცუკების აღზრდას, რაც ძალიან სამწუხაროა და ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ძალიან მძიმეა ის შედეგი, რაც მივიღეთ მათი სახით. ასეულობით მილიონია დახარჯული, რომ ქვეყანაში აგენტურული ქსელი შექმნილიყო.

 

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, ჩვენ ბოლო სერიაში, შეიძლება, ვნახოთ ევროკავშირის და გერმანიის ელჩები საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე. აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში. საქართველოში არსებულ რადიკალურ დაჯგუფებას თავიანთი პატრონები ჰყავთ ელჩების სახით. შესაბამისი თანხები და დავალებები გარედან შემოდის და ეს კონკრეტული ელჩები პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ  სიძულვილი, ბოროტება და ხალხის დაპირისპირება წაახალისონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი