ეუთო/ოდირი ჩეხეთის შემთხვევაში ერთ თვეში აკომპლექტებს მისიას, შესაბამისად, ჩვენთვის უარი მხოლოდ საბაბია - ლევან მაჭავარიანი

13 სექტემბერი 2025, 17:24 83 ნახვა

ეუთო/ოდირ-ი ჩეხეთის შემთხვევაში ერთ თვეში აკომპლექტებს მისიას. შესაბამისად, ჩვენთვის უარი მხოლოდ საბაბია, არ სურთ, განმეორდეს ბულინგი, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დასკვნის შემდეგ იყო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა კითხვაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას: „ეუთო/ოდირ-მა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში დაკვირვებაზე დროის სიმცირის გამო უთხრა უარი, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მისია მიემგზავრება ჩეხეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად. ოდირ-მა ჩეხებისგან მიწვევა 2 სექტემბერს მიიღო, არჩევნები კი 3 ოქტომბერს იმართება. როგორ შეფასებას გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?“ - მაჭავარიანმა უპასუხა:

„ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ეუთო/ოდირ-ის უარი და შემდეგ დასაბუთება, რომ ვერ აკომპლექტებდნენ დამკვირვებლებს, მხოლოდ საბაბია. სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებისას ერთ თვეში დააკომპლექტეს მისია. ახლა არის ჩეხეთის შემთხვევა, როდესაც ანალოგიურ ვადაში აკომპლექტებენ. ამას რამდენიმე დღე სჭირდება, შეიძლება ერთი კვირა სჭირდებოდეს. ეს ყველაფერი საბაბია იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირ-ზე განხორციელდა არნახული წნეხი მას შემდეგ, რაც საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ასახეს ჩვენი ამომრჩევლის ნება. ასახეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკო-მ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამის შემდეგ ვიხილეთ, როგორი ბულინგის სუბიექტი გახდა ეუთო/ოდირ-ი. შესაბამისად, მათ არ სურთ, ეს ყველაფერი განმეორდეს. ერთი მხრივ, არ სურთ, რეპუტაცია დაუზიანდეთ და დაწერონ არასწორი დასკვნა, მეორე მხრივ, როდესაც დაწერენ რეალურ დასკვნას, კვლავ იქნება აღნიშნული, რომ არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მაღალ დონეზე. იციან, ამას შემდეგ როგორი ბულინგი მოჰყვება ევრობიუროკრატების მხრიდან. შესაბამისად, ერიდებიან ამ ყველაფერს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა 9 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი