შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად 34 შეკვრად დაფასოებული 19 კილოგრამი და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.