დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს ბანერებისა და სააგიტაციო მასალების დაზიანებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზედმეტად რბილი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული ამ მიმართულებით და საჭიროა, კანონი მკაცრად იყოს დაცული.
„იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020, 2021, 2024 წლებში. ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება – ორმხრივი იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკა იყო განსხვავებული, არასწორი. დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი. იყო რბილი მიდგომა ყველა მიმართულებით, გახსოვთ, მათ შორის, თითქმის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში ექვსი ადამიანი იყო დაჭერილი, მეტი არა. იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ჩემი მიდგომაა, რომ კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.