კორუფციასთან საბრძოლველად მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ბევრი მიმართულებით პრაქტიკა რადიკალურად შევცვალეთ - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2025, 19:16 118 ნახვა

დღეს, ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეიდან, თუნდაც, შეგიძლიათ დაიწყოთ ათვლა და ნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო ყველა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, სახელმწიფომ ამ მიმართულებით გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

„ჩვენ კორუფციასთან საბრძოლველად მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შორის, ბევრი მიმართულებით, პრაქტიკა შევცვალეთ რადიკალურად. თქვენ იცით, რომ მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება, აღვკვეთეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა და ა.შ. უამრავი ნაბიჯი გადაიდგა და ასევე უამრავი საკადრო ცვლილება განვახორციელეთ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ კორუფციის აღმოსაფხვრელად. იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვებრძოლოთ ყველა კატეგორიის დანაშაულს, მათ შორის, კორუფციულს, პოლიტიკურად მოტივირებულს, ნარკოტიკულ და ორგანიზებულ დანაშაულებს, რისი პრაქტიკული შესაძლებლობაც არ გვქონდა აქამდე. დღეს ამ ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს. დღეიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ათვლა და ნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო ყველა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი