2024 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში საქართველოდან თხილის ექსპორტმა 16.0 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 პროცენტით (2.7 ათასი ტონით) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
26.5 მლნ აშშ დოლარითაა (36 პროცენტი) გაზრდილი ექსპორტირებული თხილის ღირებულებაც და 100.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში 13 პროცენტით გაიზარდა თხილის საშუალო საექსპორტო ფასიც და ერთ კილოგრამზე 6.29 აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა, თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ალჟირში, მაროკოში.