საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში არსებობდა ნაკლოვანებები და აქვთ სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები, სახელმწიფო გარკვეულ შეღავათს სთავაზობს.
კერძოდ, სარჯველაძის თქმით, შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ სამედიცინო დაწესებულებები დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25 პროცენტს თუ აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 26 მილიონ ლარს შეადგენს.
„რამდენიმე საკითხზე მინდა გავაკეთო კომენტარი. პირველი უკავშირდება კოვიდის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების საკითხს. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში, ინფორმაციაც, რომ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით იყო წარმართული და არსებობდა გარკვეული პრობლემები თვითონ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. მათ შორის, ეს ასახულია არაერთ აქტში, რომლითაც შემოწმდა ასეთი დაწესებულებების იმ პერიოდის საქმიანობა და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლენილი იქნა კონკრეტული ნაკლოვანებები.
მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყველა ამ დაწესებულებას, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები წარმოშობილი სახელმწიფოს წინაშე, ფინანსური პასუხისმგებლობის სახით, შეეთავაზება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25 პროცენტს აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან. ეს შეთავაზება, პრაქტიკულად, უკვე ძალაში შევა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ.
სამედიცინო დაწესებულებებს მიეცემათ გარკვეული პერიოდი, რომ მომართონ სახელმწიფოს და სწორედ ამგვარად წარიმართება ეს ურთიერთობები. მოგახსენებთ, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა გახლავთ დაახლოებით 26 მილიონი ლარი. რაც შეეხება შეთავაზებას, მასთან დაკავშირებით მოგახსენეთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი შეთავაზება. აღნიშვნას იმსახურებს ასევე ის გარემოებაც, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური კონსულტაციები თვითონ სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ შორის ბიზნეს სუბიექტებთან, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ და ვფიქრობ, მათი მხრიდანაც ამას ექნება პოზიტიური განწყობა, პოზიტიური დამოკიდებულება და არაერთი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს, რომ მინიჭებული შეღავათით ისარგებლოს. ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რომელსაც ვისახავთ ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად, არის მეტი შესაძლებლობის მინიჭება სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რათა მათ შორის ეს ფინანსები წარმართონ და მოახმარონ სწორედ იმას, რასაც ჰქვია პაციენტის საუკეთესო ინტერესის დაკმაყოფილება, ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, პროფესიული მოვალეობების განსახორციელებლად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.