ეკონომიკაზე დგას მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოკრატიული და საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები - პრემიერი

27 ივნისი 2025, 12:25 121 ნახვა

ეკონომიკა არის მთავარი წარმმართველი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებას და ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის 150-გვერდიანი ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას, თუმცა მასში არ არის ასახული ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდა სამთავრობო უწყებების მიერ და საუბარია ძირითადად სამთავრობო უწყებების მიერ გასული 12 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე.

პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა, შესაბამისად მოხერხდა იმ ტენდენციის შენარჩუნება, რომელიც არსებობს 2021 წლიდან.

„2025 წელსაც, იანვარ-აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ანუ წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს. მაისის წინასწარი მონაცემებიც არის ძალიან კარგი და შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ მივაღწევთ ბიუჯეტის პროექტში ასახულ ნიშნულს, არამედ გადავაჭარბებთ მას. საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7,2%-მდე და ვფიქრობთ, სავსებით რეალურია არა მხოლოდ ამ ნიშნულის მიღწევა, არამედ ამ გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, ექვს მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება.

„ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის ექვსი მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გასული ოთხი წლის ამ მონაცემებით საქართველო პირველ ადგილს იკავებს არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორისაც კი პირველ ადგილზეა.

„პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ფართო რეგიონში გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2024 წელს ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია 92 მილიარდ ლარს და წლის ბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველად, ჩვენი ეკონომიკა გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მილიარდ ლარსაც კი არ შეადგენდა, ანუ ჩვენ დაახლოებთ გავახუთმაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა. რა თქმა უნდა, გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება მომავალშიც. ასევე, წლის ბოლოსთვის, პირველად, ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ესეც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია და გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, წლის ბოლოს პირველად, საქართველოს ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმუშევრობამ გასული წლის ბოლოსთვის შეადგინა 13,9%, ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მისივე თქმით, მხოლოდ 2022-2024 წლებში შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსება, დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეიქმნა ამ პროგრამის საშუალებით 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.

მისივე თქმით, 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%, პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, მმართველ გუნდს აქვს ამბიციური მიზანი, რომ 2028 წლისთვის მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონული განვითარება არის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მისივე განმარტებით, ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა სრულიად ახალი - რეგიონული განვითარების სამინისტრო

პრემიერის თქმით, საჭიროა მეტი სისტემურობა მუნიციპალურ განვითარებაში.

 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში