იზოლირებულად ვერ განვიხილავთ ადამიანის უფლებას, რომ მივიდეს და აიღოს მედიკამენტი ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში. კარგია, ხელმისაწვდომობაც უნდა არსებობდეს და ყველაფერი, მაგრამ ანგარიში უნდა გავუწიოთ სხვა ადამიანთა ინტერესებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ქალაქის ცენტრში, ყველასთვის აბსოლუტურად თვალსაჩინოდ და ღიად.
„მესმის, რომ ხელმისაწვდომობის სურვილი დიდია, რომ რაც შეიძლება ახლოს და ყველა ფეხის ნაბიჯზე ასეთი პუნქტი არსებობდეს, მე მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. რასაკვირველია, მათ მოუწევთ გარკვეული, ასე ვთქვათ, დისკომფორტული გზის გავლა, თუმცა მათთვის ეს ხელმისაწვდომი იქნება. დიახ, ტრანსპორტიც იქნება, რა თქმა უნდა, და ყველაფერი იმისთვის, რომ მიაგნონ იმ პუნქტს, სადაც მიღწევადი იქნება ჩანაცვლებითი თერაპია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ქალაქის ცენტრში, ყველასთვის აბსოლუტურად თვალსაჩინოდ და ღიად. აქ ხომ მაინც ჯობია, რომ ვისაუბროთ, მაგალითად, კონფიდენციალურობაზე და ა.შ.?“ – განაცხადა სარჯველაძემ.