ჟენევის მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი

28 ივნისი 2025, 15:20 110 ნახვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი გაიმართა. ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკითხების სამუშაო ჯგუფში საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, მასში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები.


"მოლაპარაკებების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის შემთხვევებზე. აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მოგებულ საქმეებში უკვე დადგენილია, როგორც ფუნდამენტური უფლებების ყველა დარღვევაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, ისე დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უპირობო ვალდებულება.

 

საერთაშორისო სასამართლოებში მოგებულ საქმეებს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ჟენევის დისკუსიებს კოორდინაციას უწევენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართება. იუსტიციის სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო სასამართლოებსა და ყველა შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საქართველოს ინტერესების დაცვას", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში