საქართველო-გერმანიის დაძაბული ურთიერთობები, მათი აღდგენის გზები და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო - ამ თემებზე საქართველოში გერმანიის ელჩმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. პეტერ ფიშერი ირწმუნება, რომ გერმანიის საგარეო უწყებაში მუშაობის 39 წლის განმავლობაში „დიფ სთეითი“ არსად უნახავს და არათუ არ უნახავს, ზუსტად იცის, რომ ის არ არსებობს.
გერმანელი დიპლომატი წუხილს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე, თუმცა, ოპტიმიზმს ინარჩუნებს, ამის საფუძვლად კი ასახელებს საქართველოს ხალხის ნებას და გერმანიის მთავრობის სურვილს - იყოს საქართველოს კარგი მეგობარი და პარტნიორი. ელჩმა ასევე განმარტება გააკეთა რუსთაველზე ელენე ხოშტარიას მონახულებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ის არ არის მოძალადე და რადიკალი ადამიანი.