დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.
ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.
მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს, რადგან, სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.
ქართველი პილიგრიმები იერუსალიმში ჩასულ ასეულობით მომლოცველთან ერთად, „ვია დოლოროსას“ - ანუ იესო ქრისტეს მიერ ჯვარცმამდე განვლილ გზას გაივლიან. მსვლელობა ცოტა ხანში, ლომების კარიბჭიდან დაიწყება და 600-მეტრიანი გზა, გოლგოთას მთასთან დასრულდება, იქ სადაც სახარების თანახმად იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.