მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს დღესასწაულების დღესასწაულს უწოდებენ.აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარშიც, რომელიც პატრიარქის მოსაყდრე შიოსა და მღვდელმთავრებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა. დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ომები ჩვენს რეალობად იქცა, მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
როგორც ილია მეორე აღნიშნავს, არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე. პატრიარქი მოუწოდებს მრევლს დათმენის და სიყვარულისკენ და არაერთგზის მოჰყავს იესო ქრისტეს მაგალითი. ილია მეორე კიდევ ერთხელ შეახსენებს მორწმუნეებს, რომ რწმენა აძლევს აზრს ყოფის იმ წესს, რაც მათ უფალმა ასწავლა.