საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში ფასების ზრდა დაფიქსირდა, ხოლო თებერვალ-მარტის თვეში - ფასების კლება. სააგენტოს ცნობით, იანვრის თვეში საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში 3-10 თეთრით გაიზარდა.
"იანვრის თვეში თვითღირებულების ზრდის ფაქტორი, ყველა კომპანიის შემთხვევაში, რელევანტური არ არის. შესაბამისად, ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ, მეტწილად, განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველ ბაზარს ისტორიულად ახასიათებს.
ფასის შემცირება თებერვალ-მარტის თვეში განპირობებული იყო, რიგი კომპანიების შემთხვევაში, იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით. ამ მიმართულებითაც არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანიების კონკრეტული მარკის საწვავზე თვითღირებულება არ შემცირებულა, თუმცა ყველა კომპანიის მიერ ფასი შემცირდა, პრაქტიკულად, ერთ პერიოდში.
კერძოდ, პირველი თებერვლიდან პირველ აპრილამდე პერიოდში ბენზინზე ფასი მსხვილი კომპანიების სეგმენტში 7-10 თეთრით, დიზელზე 8-10 თეთრით, მცირე კომპანიების სეგმენტში ბენზინზე 15-20 თეთრით, დიზელზე 30-40 თეთრით არის შემცირებული“, - აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.
მათივე ცნობით, მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს: ბენზინ რეგულარზე 24-44 თეთრს, ბენზინ პრემიუმზე 19-33 თეთრს, დიზელზე კი 29-46 თეთრს.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ნედლი ნავთობის ფასი, 2025 წლის აპრილის თვეში, დამატებით 8-10 პროცენტით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს.
„ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს“, - აცხადებენ სააგენტოში.