უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი - გიორგი აბდალაძე

30 აპრილი 2025, 10:51 102 ნახვა

ღამის სამ საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ჩვენი საქმე ერთ-ერთია იმათგან, რომელიც ყველაზე გახმაურებული იყო. ფოტოგრაფებს საქმემ საერთაშორისო მედიაც მოიცვა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვხედავ ხოლმე, რომ „ფეისბუქზე“ რაღაც სტატუსებს დებენ, 37 წელიაო. 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ. 03:00 საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში, დღემდე რომ მოსულიყო, დღეში სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა საპატიმროშიც და ისეც. მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

მისივე განცხადებით, საკანში ყოველ ღამეს მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რომ შვილს მოგიკლავ, ჩემი ძმების სურათებს მაჩვენებდნენ, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, იცოდე, გაგანადგურებთ ოჯახის წევრებიანადო, ეს მიმდინარეობდა რამდენიმე დღე.

„საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამეს გავყავდით საკნიდან, მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რომ შვილს მოგიკლავ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. ჩემი ძმების სურათებს მაჩვენებდნენ, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს - შენი ბავშვი დღეს სკოლიდან რომ გამოვიდა, გეტყვი, ზუსტად სად იარაო. მე ვუთხარი, რად მინდა, რომ მეუბნები მაგას-მეთქი? იცოდე, გაგანადგურებთ ყველანაირად, ოჯახის წევრებიანადო. ეს მიმდინარეობდა რამდენიმე დღე“, - განაცხადა აბდალაძემ.

როგორც გიორგი აბდალაძემ აღნიშნა, გლდანის ციხეში პატიმრებს საჭმელში უფურთხებდნენ, რომ არ ეჭამათ.

"ხუთი დღე საჭმელს არ ვჭამდი. პატიმარს საჭმელში ჩაუფურთხეს. გლდანის ციხეში პატიმრებს ასე ეპყრობოდნენ ეს არაადამიანები, რომ პატიმრებს არ ეჭამათ საჭმელი. პატიმარს ეუბნება, ეს თუ შიმშილობს, შენ რატომ ჭამო. აიღო და ჩაუფურთხა საჭმელში, დაუდო და მე რომ გამოვთქვი ამაზე პროტესტი, ამ პატიმარმა მთხოვა, გეხვეწები, ხმა არ ამოიღოო, მოგვკლავენ ცემაში, გაგვიყვანენ და საშინელ დღეში ჩაგვაგდებენო. საკანში წყალი არ გვქონდა და მაისურით ვიწმენდდით“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში