ბათუმის ახალ ბულვარში „აკვა-პარკი“- ს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა. პროექტის ლანდშაფტურ - არქიტექტურული კონცეფცია 3 000 კვ.მ ფართობზე არსებული სივრცის კეთილმოწყობასა და გამწვანებას ითვალისწინებს. მათ შორის, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მრავალწლოვანი ხე-მცენარეები და განთავსდება თანამდროვე საბაღე ინფრასტრუქტურისათვის დამახასიათებელი საყვავილე პორტატული ქოთნები.
პროექტის მიხედვით, ახალ რეკრეაციულ სივრცეში მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები. საფეხმავლო ბილიკებზე დაიგება დეკორატიული ფილები, მოწესრიგდება გარე განათების ქსელი და განთავსდება საბაღე სკამები.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სარეკრეაციო სივრცე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ახალი ბულვარის მწვანე სივრცეებს და ახალი მიზიდულობის ადგილს შექმნის - აცხადებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.