ყველას გვაქვს კითხვა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილი საავადმყოფოში, პასუხი ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, ესეც მალე გამოსწორდება - თეა წულუკიანი

05 მაისი 2025, 13:03 153 ნახვა

ყველას გვაქვს კითხვა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილი საავადმყოფოში, პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, ესეც მალე გამოსწორდება, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ყოფილ დეპუტატ, ვალერი გელაშვილს უსმენენ.

თეა წულუკიანის თქმით, ფოტო-ვიდეომასალას, რომელსაც საგამოძიებო კომისია დასკვნას დაურთავს, ჩახედავს მომავალი თაობა და ახალგაზრდები ნახავენ, რომ სააკაშვილი ერის მამა კი არა, არამედ იყო მავნებელი და ბოროტი ძალა.

„ამ ფოტო-ვიდეომასალაზე და არა მხოლოდ ამ საქმეზე ძალიან დიდი ძალისხმევა მოანდომეს სააკაშვილმა და მისმა „ენჯეოებმა“, მთელმა პარტიებმა – მერე დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად, ისინი დღემდე ცდილობენ, ეს განადგურდეს, დაიკარგოს, წაიშალოს მეხსიერებიდან. ჩვენი კომისიის ვალია, მათ ამის საშუალება არ მივცეთ. ჩვენს დასკვნას დანართებად ექნება თითოეული ფოტო და ვიდეო, რომელსაც მომავალი თაობის წარმომადგენლები ჩახედავენ და ნახავენ, რომ ეს ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის, არამედ იყო მავნებელი, ბოროტი ძალა. როგორც სოზარ სუბარმა თქვა – ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. ყველას გვაქვს კითხვა, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე, გამოსწორდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში