ხელვაჩაურში მცხოვრებ 12 ქალს მერია ბიზნეს იდეას დაუფინანსებს. მათ მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას „დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების მხარდაჭერის“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაუწევს.
თანხებს მეწარმე ქალები საკუთარი სფეროების შესაბამისად სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენებენ. ამჯერად პროექტები ძირითადად მეფრინველეობის, მეცხოველეობისა და საკვები პროდუქციის წარმოებას ეხებოდა.
სოფლად მცხოვრები ქალების პროფესიული განვითარების, მათი წარმოების ხელშეწყობისა და გაძლიერების ინიციატივა მერიასთან არსებულ „ქალთა ოთახს“ ეკუთვნის, რომელიც ხელვაჩაურში 2016 წელს შეიქმნა, „დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების მხარდაჭერის“ პროექტს კი მერია სამი წელია ახორციელებს. მის ფარგლებში ბიუჯეტიდან 119 ათასი ლარი დაიხარჯა და 39 ოჯახი დაფინანსდა.