რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დაკავების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით რიჟვაძემ დღეს, პირველად, "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც „პრაიმტაიმთან“ დავით რიჟვაძემ განაცხადა, ის არავის დაუკავებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო და თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც თითქოს თქვენს დაკავებას ეხება?
– სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თქვენი კოლეგა გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. არავის არ დავუკავებივარ, ვიმყოფები ოჯახში, არც არავის არ დავუბარებივარ. პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დაკავებული თანამდებობა. ამ ეტაპზე არაფრით არ ვარ დაკავებული. მეტი ყურადღება და დრო მინდა დავუთმო საკუთარ თავს და ოჯახს.
რაიმე სამართლებრივი კითხვები ხომ არ ყოფილა თქვენს მიმართ?
– არა. 32 წელი ღირსეულად, ჩემს ღირსეულ კოლეგებთან ერთად, ვემსახურე ამ რეგიონს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულიად საქართველოს. ამაყი ვარ იმ 32 წლით, რაც ვიმსახურე შინაგან საქმეთა ორგანოებში.
- აქვე გკითხავთ თქვენს შვილთან დაკავშირებითაც... დღეს გაირკვა, რომ თორნიკე რიჟვაძემ პარტიის პოლიტსაბჭოც დატოვა.
– როდესაც თანამდებობაზე იყო, პოლიტსაბჭოს წევრობა მაგას უკავშირდებოდა. თანამდებობა დატოვა, შესაბამისად დატოვა პოლიტსაბჭოს წევრობაც.
წარმატებას ვუსურვებთ მეც და ჩემი ოჯახიც განახლებულ პოლიტსაბჭოს და ვრჩებით ერთგულ ჯარისკაცებად. მეც და ჩემმა შვილმაც პირად საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. 32 წელი ვიმუშავე, ვიმსახურე და გადავწყვიტე, მეტი დრო დავუთმო საკუთარ თავს და შვილიშვილებს", - აღნიშნავს დავით რიჟვაძე "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.