ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, რაც არის იშვიათი პრაქტიკა და ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს მთავრობა მრავალ პროექტს ახორციელებს.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე - ეს დღე ეძღვნება ასი ათასობით ქართველს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწევს, დღეს, ცხოვრება და მოღვაწეობა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია.
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, კონსტიტუციურ პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი, გამონაკლისი შემთხვევა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველოს მთავრობა ახორციელებს მრავალ პროექტს, რომელიც ამ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისკენ არის მიმართული. თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე და სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული დიასპორა უმნიშვნელოვანესი რგოლია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ქვეყნის კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოსაჩენად.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ქართულ სათვისტომოებს, მართლმადიდებლურ სამრევლოებსა და ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებს იმ საქმის ერთგულებისთვის, რომელიც ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის, ქართული ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ჩვენი დიასპორის სამშობლოსთან კავშირის გაღრმავებაზე, შენარჩუნებაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკლესიის წარმომადგენლებს, ეპარქიებს, საზღვარგარეთ მოღვაწე ეპარქიებს, თითოეულ სასულიერო პირს, რომლებიც სწორედ ამ ძვირფას საქმეს ემსახურებიან.
მინდა, მადლობა გადავუხადო იმ წარმატებულ ქართველ პროფესიონალებს, რომლებმაც შეძლეს და პროფესიულ სიმაღლეებს მიაღწიეს, რითაც მნიშვნელოვან სამსახურს უწევენ როგორც ადგილსამყოფელ ქვეყნებს, ისე საკუთარ სამშობლოს.
დღეს, როცა რეგიონში და მსოფლიოში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და ყველამ ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი და ღირსეული მომავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.