საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ITB China 2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოდან 40-მდე კერძო კომპანია ესწრება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩინეთი არის ის ბაზარი, საიდანაც მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ გარკვეული დოზა ჩინელი მოგზაურების თავის ქვეყანაში მოიზიდოს და ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, კერძო სექტორთან ერთად ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოვახდინოთ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ შანხაიში, სადაც მთელი ჩინეთის ტურისტული სექტორია მობილიზებული. წლის განმავლობაში ჩვენ ველოდებით ჩინეთიდან ბევრად მეტ მოგზაურს. იცით, რომ საქართველოს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, რითაც ჩინელები ინტერესდებიან საქართველოში ჩამოსვლით და მოგზაურობით" - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
სამი დღის განმავლობაში, გამოფენის მონაწილეები შეხვედრებს მართავდნენ ჩინურ ტურისტულ კომპანიებთან და პოტენციურ კლიენტებთან. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, შანხაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის, ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.