ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ ცვლილებებზე შესაბამისი თანამდებობის პირები არ იყვნენ ინფორმირებული, სააკაშვილიც თემაში ღრმად არ იყო ჩახედული - ვასილ მაღლაფერიძე

28 მაისი 2025, 13:11 109 ნახვა

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძეს მოუსმინეს, რომელიც 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული იყო.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის საკითხი.

როგორც სხდომაზე მაღლაფერიძემ განაცხადა, პარლამენტიდან, როგორც გუბერნატორმა, მიიღო ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ითვალისწინებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილების შესახებ არცერთი შესაბამისი თანამდებობის პირი საქმის კურსში არ იყო.

„2007 წლის გაზაფხულია. რწმუნებულებს მოგვდიოდა ხოლმე ცირკულარი, პარლამენტს რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, გეგმაში რა ჰქონდა. ყოფილი პარლამენტარი ვიყავი და ისედაც მაინტერესებდა. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია უნდა შეიქმნას – და რომ ვიაზრებ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ოლქი, ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით 1992 წელს, ამას ვიაზრებ. მაშინვე ვურეკავ ჯამბულ ბაკურაძეს, რომელიც მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ფაქტობრივად, გუბერნიებს ის ხელმძღვანელობდა და გვქონდა ყოველდღიური კავშირი. მისი პასუხი იყო, რომ ინფორმაცია არ აქვს და ხუთი წუთი ითხოვა დასაზუსტებლად. ზუსტად ხუთ წუთში გადმომირეკა და მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. შეათანხმა ალბათ პრემიერ ნოღაიდელთან.

შემდეგ დავურეკე რამდენიმე პარლამენტარს, არ იცოდნენ ამის შესახებ. რაღაც უცნაურობა ხდება, ვკითხულობ, ხომ არ მეჩვენება-მეთქი, არადა კანონში ცვლილება იგეგმება. დავურეკე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილს, მიპასუხა, გეჩვენებაო და თან ეცინებოდა, გამორიცხულია, არ არსებობს, არანაირი მსჯელობა არ ყოფილა ამის შესახებო. მინდა, ამას მიაქციოთ ყურადღება, ტყუილს არ ამბობს.

ჯამბულ ბაკურაძემდე დავურეკე ახალგორის გამგებელს, ზურაბ ფიცხელაურს. ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა. მე რწმუნებული ვარ, ის გამგებელი. მე თავზარდაცემული ვიყავი და ზურაბ ფიცხელაური ჩემზე უფრო მეტად, განადგურდა. ვუთხარი, რომ ვარკვევდი და რაღაც უბედურება ხდება.

შემდეგ პალიკო კუბლაშვილი მირეკავს, მართალი ყოფილხარო. იქნებ შენ დაურეკო პრეზიდენტსო. დავურეკე სააკაშვილს. არა მარტო ვუთხარი, რომ ასე ხდება, თან ვუხსნი, რომ ეს მძიმე შედეგებს გამოიწვევს და მოსახლეობა ხიფათს დაინახავს. მომეჩვენა, რომ სააკაშვილს ამ თემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდა, თემა ღრმად არ იცოდა. არ მეუბნება, რომ თემა არ იცის, მაგრამ მეუბნება, რომ მე უნდა ავუხსნა მოსახლეობას. გავთიშეთ ტელეფონი და ხუთი წუთის შემდეგ თავად გადმომირეკა. მეუბნება, იქნებ დაელაპარაკო თემო იაკობაშვილს და ის აგიხსნის კარგადო. მე ვუთხარი, მან რა უნდა ამიხსნას ახალგორზე, მე მანამდე ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, ამ თემას ვიცნობდი კარგად, თუმცა იაკობაშვილს პირადად არ ვიცნობდი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, ისაუბრა დიმიტრი სანაკოევთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

„დიმიტრი სანაკოევს არ შევხვედრივარ, არ ჩათვალა საჭიროდ. გუშინ ახსენა, არ მეხებოდა ახალგორიო. პირდაპირ გეტყვით, მგონი, რომ არავინ არასდროს უთხრა, რა პროექტის მონაწილე იყო. ამას ზურგს უკან საუბრებისას არ მალავდნენ, მათ შორის ჩემთან. პარლამენტმა გამოყო ყოფილი სამხრეთ ოსეთი, ეს იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობაში დროებითი ადმინისტრაციის აღდგენა, რაც ნიშნავს გაუქმებულ სამხრეთ ოსეთს. საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით, მისი აღდგენა არავის შეეძლო. მით უმეტეს, ახალგორი არავის ახსოვდა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში