ლარის შემოღებით საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყო, ეს იყო უდიდესი ნაბიჯი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლარის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, ეროვნული ვალუტა იქცა ქმედუნარიან ინსტრუმენტად საქართველოს იმ ეროვნული ინტერესების გასატარებლად, რასაც მშვიდობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა ერქვა.
,,დღევანდელი თარიღი გვახსენებს იმ დიდ გზას, რომელიც საქართველომ ეროვნული მონეტარული სისტემის განვითარების მიმართულებით გაიარა. ლარი არა მხოლოდ ფინანსური ერთეულია, არამედ – ეკონომიკური სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და განვითარების სიმბოლო. მიმდინარე პერიოდში ჩვენ არაერთ საიუბილეო წელს აღვნიშნავთ. წელს ჩვენ გვაქვს კონსტიტუციის და ლარის 30 წლის იუბილეები, გაისად გვექნება ქართლის მოქცევის 1700 წლის აღმნიშვნელი ღონისძიებები. ჩვენ სამიათასწლოვანი სახელმწიფო გვაქვს და როგორც იცით, სუვერენულობის, შეიძლება ითქვას, უმთავრესი და ყველაზე გამორჩეული სიმბოლო გახლდათ ფული. მონარქიულ და ფეოდალურ სამყაროში მმართველის მიერ ფულის მოჭრა გახლდათ ის უზენაესი აქტი, რომელიც სრულად ასახავდა მმართველის უფლებას, სიმტკიცესა და ლეგიტიმაციას.
1995 წელს საქართველომ, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დიდი ღვაწლითა და ძალისხმევით შეძლო სახელმწიფოებრიობის მთავარი მდგენელების შექმნა. მივიღეთ ქვეყნის კონსტიტუცია და გამოვუშვით ეროვნული ვალუტა. გაჩნდა სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი დოკუმენტი და ფისკალური პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი,” – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად.
„30 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ. თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, ასევე სამართლებრივი საკითხების მოსაწესრიგებლად. დღეს ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას და წარმოადგენს მართლაც საამაყო მემკვიდრეობას, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად, სრულად გამოხატავს ჩვენი ერის ღირსებას, ისტორიას და იდეოლოგიას. ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს. მან უნდა გააგრძელოს განვითარება, დიზაინის განახლება, ახალ საჭიროებებზე მორგება, საიუბილეო კუპიურებისა თუ მონეტების გამოშვება. ქართული ლარის მეთვალყურე და მასზე მზრუნველია ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულ და პასუხისმგებლიან მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, ჩვენი საბანკო სექტორი მრავალი წელია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. ის აგრძელებს სანდოობის განმტკიცებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ქვეყანა ახალი შესაძლებლობებისკენ მიჰყავს. ყველას გილოცავთ ქართული ლარის 30 წლის იუბილეს. მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ეროვნული ფულის ყოველი მომდევნო იუბილე მეტი და მეტი სიხარულის და სიამაყის მომტანი ყოფილიყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.