ყოროლისთავში წყალშემკრები სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

05 ივნისი 2025, 19:55 276 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ყოროლისთავის სათავე ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დასკვნით ფაზაშია.
უკვე დასრულებულია პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები - დამბის მშენებლობა. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხორციელდება ახალი, სამარაგო 700 კუბამეტრის მოცულობის ნაგებობის მშენებლობა, ჰორიზონტალური წყალშემკრები-დრენაჟისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სათავე ნაგებობა, რომელიც 2023 წელს, სტიქიის შედეგად დაზიანდა, ნაწილობრივ სალიბაურის რეზერვუარს ამარაგებდა, საიდანაც წყალი ქალაქისა და შემოერთებული ტერიტორიების მასშტაბით ნაწილდებოდა. აღნიშნულ დასახლებებში აბონენტებს წყალი ამჟამად მეჯინისწყლის ჭაბურღილებისა და ჩაქვის სათავიდან მიეწოდებათ.
მშენებლობის დასრულების შემდგომ სრულად აღმოიფხვრება წყლის დებეტთან დაკავშირებით შექმნილი დეფიციტი. პროექტის ჯამური ღირებულება 5 130 000 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების ვადა 2026 წლის იანვარია.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში