დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს წარუდგინა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
წარდგენის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.
„ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2011 წლიდან – 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“ მუშაობდა სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე.
იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი. მანამდე კი, 2016-2018 წლებში, ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალფას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.