დროებით საგამოძიებო სხდომაზე ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.
კომისიის წევრებმა ზაზა გვიმრაძესა და ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმინეს. ისინი იმ პირებს შორის იყვნენ, რომლებიც 2011 წლის 26 მაისს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალმხრივი უფლებების დარღვევით აიყვანეს, შემდგომ კი აწამეს.
ნიკოლოზ გოგუაძე, იხსენებს, რომ 2011 წელს ორგანიზაცია „ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობის“, რომლის თავმჯდომარე თავად იყო, პრეზენტაცია გააკეთა, რის შემდეგაც დაიწყო ორგანიზაციის წევრების დევნა და მუქარა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან, რის გამოც 24-მა ადამიანმა ყინწვისის სამონასტრო კომპლექსს შეაფარეს თავი.
სწორედ იქ განხორციელდა აღნიშნული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ნიკოლოზ გოგუაძე აცხადებს, რომ მეგის ქარდავამ, მაშინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა პირდაპირ უთხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა. შემდეგ მიკროავტობუსებით წამოიყვანეს დაკავებულები და მათ შორის ერთ-ერთ ჯემალ სურამელაშვილი მიკროავტობუსზე ჩააბეს და გზაზე ათრიეს. სასულიერო პირები კი ვინც ფაქტს შეესწრნენ და გააპროტესტეს გოგუაძის თქმით სპეცრაზმის წევრებმა სცემეს.
დაკავებულები ქარელის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, პოლიციელები შენობიდან გამოყარეს და დაკავებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასტიკად აწამეს, რის შედეგადაც ნაცემები გონებას კარგავდნენ, ერთ-ერთმა ინფარქტიც მიიღო,ბევრს კი ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. ზაზა გვიმრაძე იხსენებს, რომ სპეცრაზმს სპეცოპერაციის დროს მიკროავტობუსებში მომარაგებული ჰქონდათ იარაღი, რომლის საშუალებითაც მზად იყვნენ დაედგათ სამშობლოს გადატრიალების მცდელობის გამოგონილი სცენარი. მისი თქმით დაკავებულ 24 ადამიანს სცემდნენ, აწამებდნენ და ფიზიკურად სხვადასხვანაირად უსწორდებოდნენ როგორც დაკავების დროს, ასევე ქარელის პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოშიც და ციხეშიც.
გვიმრაძის განცხადებით წამების გზით მას თხოვდნენ აღიარებითი ჩვენების დაწერას, თითქოს სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად მეუფე იობი და საპატრიარქო იარაღს აძლევდნენ.
აღიარებაზე უარის თქმის შემდგომ კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც თითქმის 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად სცემდნენ.