აშშ-ის საელჩო არასაიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

20 ივნისი 2025, 15:29 96 ნახვა

ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც საელჩო წერს, მცდარი ან არასრული ინფორმაციის მითითებამ, მათ შორის სოციალური მედიის ანგარიშების გამოტოვებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ვიზაზე უარი და მომავალში ვიზის მიღების შესაძლებლობის დაკარგვა.

„ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი ვალდებულია – მათი იდენტობისა და აშშ-ის კანონის შესაბამისად ქვეყანაში დაშვების დასადგენად – შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს ისინი საჯარო.

სავიზო სკრინინგის დროს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას ვიყენებთ – მათ შორის სოციალური მედიის მონაცემებს – იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ ან რომლებიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. 2019 წლიდან აშშ-მა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო სავიზო აპლიკაციაში სოციალური მედიის იდენტიფიკატორების მითითება სავალდებულო გახადა.

აპლიკანტები ვალდებული არიან, სოციალურ მედიაში მათი ყველა იდენტიფიკატორი მიუთითონ. მცდარი ან არასრული ინფორმაციის მითითებამ, მათ შორის სოციალური მედიის ანგარიშების გამოტოვებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ვიზაზე უარი და მომავალში ვიზის მიღების შესაძლებლობის დაკარგვა“, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში