საქართველო ევროპის დღეს მასპინძლობს. ღონისძიებას ხვალ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გახსნის. ‘’10 წელი ფოკუსში’’ - ამ სახელწოდებით კი ხვალინდელი დღისთვის მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სასტუმრო შერატონში გაიმართა.
გამოფენაზე, კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიასა და მისი ხალხის გამძლეობას, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავს. ცნობისთვის, ბათუმი ევროპის დღის ფარგლებში ხვალ მთელი დღის მანძილზე არაერთი აქტივობა გაიმართება.
ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გაეცნონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს.
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.