ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

24 ივნისი 2025, 14:01 165 ნახვა

ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის, აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ლევან დავითაშვილი არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ, თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად, მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი.

 

სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტები, რომლებიც დაწყებულია და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა.

„მაღალ დონეზე კოორდინაციის პირობებში საშუალებას გვექნება, პროექტები კიდევ უფრო დაჩქარდეს, უფრო სწრაფად განხორციელდეს. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის იქნება ძალიან საკეთილდღეო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა, სხვადასხვა მიმართულებით წარმატებებით გარკვეული წვლილი შეგვეტანა ქვეყნის განვითარებაში. ვფიქრობ, ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც ჩემთვის პირადად არის დაუვიწყარი, როდესაც ემსახურები შენს ქვეყანას და შეგიძლია, მცირეოდენი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს ახალ პოზიციაზე. ეკონომიკის სამინისტროში ყველა გახარებული ვართ, რომ ახალი ეტაპი იწყება ეკონომიკის სამინისტროს ცხოვრებაში. ვფიქრობ, ყველა წამოწყება, რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, შენარჩუნდება ახალი ძალებით და ახალი ენთუზიაზმით.

 

კიდევ ბევრი რამ გაკეთდება და ეს აუცილებელი ეტაპია განვითარებისთვის. მარიამ ქვრივიშვილი იყო ძალიან წარმატებული, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველასთვის საკმაოდ ცნობილი სახეა. ვფიქრობ, ეკონომიკის სხვა მიმართულებებშიც ასეთივე წარმატებული იქნება და წარმატებით იქნება გამოცდილება გამოყენებული. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, უმაღლესი დონის პროფესიონალებს, პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ. ასევე, დიდი მადლობა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმ რეფორმებში, რომლებსაც ვატარებდით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2021 წლის 12 ივლისიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი