საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში დაემატება ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, გააუქმოს როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ.„დამოუკიდებლობის“ აღიარება.
ჩანაწერის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.
„ვფიქრობ, ბევრ თქვენგანს არ აქვს ინფორმაცია, რომ სირიის წინა მთავრობამ, რუსეთის ფედერაციის დავალებით, აღიარა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, ასევე აღიარა უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“, ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია ანგარიშში გაკეთდეს ჩანაწერი სირიის შესახებ, რომელიც არღვევს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორი მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდოთ სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება, პატივი სცეს და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.