პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომას მართავს. კომისიის წევრების კითხვებს მფრინავმა იმედა მაისურაძემ უპასუხა. მისი განმარტებით, ემზარ კვიციანის და მისი დის ნორა კვიციანის სახლები უნდა გაენადგურებინა 5 მფრინავს, მისივე ინფორმაციით, აღნიშნული დავალება ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო.
იმედა მაისურაძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მფრინავებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო, თუმცა, ადგილზე ჩასულებს სხვა სურათი დახვდათ. შესაბამისად, როგორც აღნიშნა, დავალება არ შეასრულეს და სამიზნე დარტყმები არ განახორციელეს, რადგანაც ტერიტორიაზე ბავშვები და ქალები იყვნენ.
მაისურაძის გადმოცემით, მოძებნეს ცარიელი რიყე ადგილი და რამდენიმე გასროლა იქ განახორციელეს. მაისურაძემ დავალებულ მეორე მცდელობაზეც ისაუბრა, რომელიც ასევე არ შეასრულეს და აღნიშნა, რომ ფაქტიურად გაუხარჯავი ჭურვებით უკან გამოფრინდნენ.
მფრინავმა მისი დაკავების ეპიზოდებიც გაიხსნა. თქვა, რომ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბრალდება, თითქოს კვიციანებისგან თანხა ჰქონდა აღებული.
მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. როგორც სხდომიდან ვიგებთ, კოდორის ხეობაში ფრენა იმედა მაისურაძემ 2001 წლიდან დაიწყო, 2006 წელს კი სპეცოპერაციაში ჩართვა დაავალეს, დავალებების გამცემად კი ირაკლი ოქრუაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ასახელებს.