მიხეილ ყაველაშვილმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

14 ივლისი 2025, 18:58 123 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა.

კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის საუბარი შეეხო მულტიფუნქციური ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და განსახორციელებელ პროექტებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები აღნიშნულ სივრცეს საკუთარი ნიჭის განსავითარებლად კარგად გამოიყენებენ.

„ჩემი ინფორმაციით, შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცემა. ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება და სივრცე ეძლევათ, რათა თავიანთი იდეები განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი დატვირთული იქნება და ახალგაზრდებს შეეძლებათ თავიანთი ნიჭის რეალიზება სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3 000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, ასევე სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისათვის. ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.

ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში