ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს ქობულეთი უმასპინძლებს. საზეიმო ღონისძიება ქობულეთის ცენტრალურ პარკში 20 ივლისს გაიმართება. ზაფხულის ფესტივალი კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება.
19:00 საათიდან კი ქობულეთელებისა და მისი სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ იზრუნებენ. მოგვიანებით სცენას უკვე მოწვეული ბენდები „MIX2ra“, „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმები“ დაიკავებენ. ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომრით წარდგება ქალთა კამერული გუნდი და DJ ჩიკიც.
საფესტივალო სივრცეში განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც. ფესტივალის განმავლობაში ასევე დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის. „ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმსა და ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.