ავიაკომპანია „ინდიგო“ 2 აგვისტოდან თბილისი-მუმბაის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

23 ივლისი 2025, 11:26 148 ნახვა

2 აგვისტოდან აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია „ინდიგო“ (IndiGo) თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ პირდაპირ რეგულარულ რეისებს მუმბაიდან შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. ჯამურად, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ათი სიხშირით შესრულდება. აქამდე ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს დელი-თბილისი-დელის მიმართულებით ყოველდღიურად ასრულებდა.

„2 აგვისტოდან ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მუმბაიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით. დელის შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი საჰაერო კავშირია ინდოეთთან. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, ხოლო ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე ათი პირდაპირი ფრენა განხორციელდება“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში