ბრიტანეთის საელჩოსთვის გრანტების გაცემაზე უარი არ გვითქვამს, მთავრობას უნდა მიმართოს გრანტის ხარჯვის ნაწილთან დაკავშირებით - რაჟდენ კუპრაშვილი

24 ივლისი 2025, 12:55 163 ნახვა

ბრიტანეთის საელჩოსთვის გრანტების გაცემაზე უარი არ გვითქვამს. ბრიტანეთის ელჩი ჩემთან იყო პირადად. გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით, გრანტის ხარჯვითი ნაწილი არ არის ანტიკორუფციული ბიუროს დისკრეცია და ანტიკორუფციულ ბიუროს ეკისრება მხოლოდ კონტროლი, რამდენად მიზნობრივად იხარჯება აღნიშნული თანხები.

„ჩვენ ნათელი მოვფინეთ ყველა იმ რეგულაციას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ განათლების მიმართულება, ჰუმანიტარული დახმარება, ეკონომიკური მიმართულებები, სრულიად „ფარას“ ვალდებულებისგან თავისუფლდება. რაც შეეხება თვითონ გრანტის ხარჯვით ნაწილს, ეს არ არის ანტიკორუფციული ბიუროს დისკრეცია. ამას წყვეტს მთავრობა. მთავრობას უნდა მიმართოს. მთავრობისგან უნდა აიღოს თანხმობა გრანტის ხარჯვის ნაწილთან დაკავშირებით. ჩვენ გვეკისრება მისი კონტროლი, რამდენად სწორად, ასე ვთქვათ, მიზნობრივად იხარჯება აღნიშნული თანხები. მე ვერც კის ვეტყოდი და ვერც უარს თანხმობასთან დაკავშირებით, ეს არის მთავრობის დისკრეცია“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ბრიტანეთის ელჩის მასთან შეხვედრის მიზანი იყო ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკის გაცნობა.

„ჩვენთან შეხვედრის მიზანი იყო, ჩვენი პოლიტიკის შესახებ გაგვეცნო, მათთვის იყო საინტერესო, ეს მათი ინიციატივით მოხდა და ძალიან კარგი, პირიქით, მივესალმები.  ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარე დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან. ასევე, უნდა აღინიშნოს,რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ოფიციალური ნოტით დიპლომატებს ეცნობათ იმ შეღავათებთან დაკავშირებით, იმ თავისუფლებასთან დაკავშირებით, რასაც „ფარას“ კანონი ადგენს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა ეს ინფორმაცია მათთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში