თვალჭრელიძის ქუჩაზე ათობით ოჯახის გამოსახლების პროცესს სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებით ეხმაურება.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, სახელმწიფომ უნდა დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კერძო მესაკუთრეების ინტერესები, გამოსახლების მეთოდებითა და ოჯახების უსახლკაროდ დატოვებით, უხეშად არ უნდა დაარღვიოს მათი ღირსება და უფლებები. ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს გამოსახლების შემდგომ მოსახლეობის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, ასევე სასამართლოს მიერ გამოსახლების საქმეების განხილვის საკითხიც.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს: გამოსახლების პროცესი წარიმართოს მხოლოდ ოჯახების სათანადო ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობით. დევნილთა სამინისტრომ გაითვალისწინოს იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების ორმაგი სოციალური მოწყვლადობა და ეკონომიკური ჩაგვრა, ასევე მათ წინაშე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს მთავრობამ კი უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე გამოაცხადოს მორატორიუმი - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.