ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა გრძელდება.
სამინისტროს ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 9,849 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173.0%-ით მეტია (3,608 TEU).
საანგარიშო პერიოდში ასევე გაზრდილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაც, რომელმაც შეადგინა 9,393 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 59-ჯერ მეტია (160 TEU).
განსაკუთრებით გაიზარდა გადამუშავებული ტვირთებისა და კონტეინერების სტატისტიკა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში. ტვირთების მხრივ ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში ზრდამ 5,9 პროცენტი შეადგინა – აღნიშნულმა პორტებმა 2025 წლის 6 თვეში 7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს. რაც შეეხება კონტეინერებს, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ორივე მთავარ ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 375,654 TEU შეადგინა, რაც წინა ანალოგიურ მაჩვენებელზე 19,5 პროცენტით მეტია.
ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის გზით გადაზიდული ტვირთების ზრდის მაჩვენებელიც – 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 16.5 ათასი ტონა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.6%-ით მეტია (10.5 ათასი ტონა).