ქართული დელეგაციის შეხვედრები თურქეთში

27 ივლისი 2025, 11:45 177 ნახვა

საქართველო-თურქეთის სავაჭრო- ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს ქალაქ ორჰანგაზის მერთან შეხვედრისას ქართული დელეგაციის წევრებმა. თურქეთში ახლად დანიშნული საქართველოს ელჩი  არჩილ კალანდია, მუჰაჯირებით დასახლებულ მარმარას რეგიონში გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.

ორჰანგაზის მერს იგი მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ეთნიკური ქართველების როლზე ესაუბრა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მოგვიანებით ქართული დელეგაციის წევრები, რომელთა შორისაც საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც არიან, ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული კულტურის ცენტრს ეწვივნენ და ეთნიკურ ქართველებს შეხვდნენ.

არჩილ კალანდია დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს ახჰმედ ოზქან მელაშვილის საფლავს გვირგვინით შეამკობს და ინეგოლის კავკასიურ-ქართული კულტურის ცენტრს ეწვევა, სადაც მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდება. ქართული დელეგაციის ვიზიტი მარმარას რეგიონში დღეს დასრულდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში