ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალზე გაეცნენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე უკვე მეორედ წარდგა. გამოფენას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის ეროვნული სააგენტო.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი და სხვა კერძები წარადგინა, ხოლო შეფ-მზარეულმა ვახტანგ გობეჯიშვილმა ფესტივალის მონაწილეებს ხაჭაპური და გებჟალია გააცნო. ქართველმა შეფ-მზარეულებმა ფესტივალზე ერთობლივად მომზადებული კერძებიც წარადგინეს.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასები ჩატარდა.
გასტრო ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.