ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსის მესაკუთრეები მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. მოქალაქეები სამშენებლო კომპანია „ეიჩ ბათუმს“ სამშენებლო ვადების დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე კორპუსის ბედი გაურკვეველია.
დღეს ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სამშენებლო ტერიტორიაზე და როგორც თავად აცხადებენ, კომპანიის დამფუძნებელს, არჩილ ბერიძეს, სამშენებლო კორპუსის დასრულების თაობაზე პასუხი მოსთხოვეს, თუმცა არჩილ ბერიძე, ამტკიცებს, რომ ის ობიექტის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი არ არის.
მისი თქმით, მას მხოლოდ კორპუსის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო კომუნიკაციებით უზრუნველყოფა ევალება და სამშენებლო კომპანია მას არ ეკუთვნის. მოქალაქეების პრეტენზიებთან დაკავშირებით ტერიტორია ისე დატოვა, რომ სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრა.